იდეის ავტორი ფატი ფირცხალავაა. მისი ერთი განსხვავებული დღე სერიოზული იდეის და საქმიანობის საწინდარი გახდა. ფატი lady taxi-ს შესახებ „Sputnik საქართველოს“ ესაუბრა.
– ვის გაუჩნდა lady taxi-ს შექმნის იდეა?
— lady taxi-ს შექმნის იდეის ავტორი მე გახლავართ. 2018 წლის 22 თებერვალს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ყოველდღიურობისგან განსხვავებული საღამო გამეტარებინა, ვიყიდე ტაქსის ნიშანი და გავედი ქალაქის ქუჩებში. ვხედავდი გაოცებული ადამიანების სახეებს იმის გამო, რომ ტაქსს მართავდა ქალბატონი. ამ ყველაფერმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და გართობა გადაიზარდა სერიოზულ იდეაში, რომელსაც ფრთები შევასხი და ჩემ ძმასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად დავიწყეთ შექმნა კომპანიის, რომელსაც დავარქვით lady taxi.
– რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს, ვინ იქნებიან მძღოლები და როგორია ტარიფი?
— ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო შეთავაზებები გვექნება, რასაც დროდადრო შეიტყობს ჩვენი მომხმარებელი. ხოლო პირველ ეტაპზე ვთავაზობთ უსაფრთხო, სუფთა, მოწესრიგებულ და მგზავრის კომფორტზე ორიენტირებულ მგზავრობას.
რაც შეეხება მძღოლებს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კადრების სრულყოფილად მომზადების პროცესი. ტარიფები განისაზღვრება კილომეტრაჟის მიხედვით, დაახლოებით 60–70 თეთრის ოდენობით, ხოლო მოკლე მანძილების დაფარვა დაიწყება 2 ლარიდან.
– როგორ შეარჩიეთ მძღოლები, დიდი ხანი დაგჭირდათ?
— როგორც მოგახსენეთ, ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ვცდილობთ მივაღწიოთ უმაღლეს ხარისხს. პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 10-მდე მძღოლი.
– რატომ მხოლოდ ქალები?
— მხოლოდ ქალები იმიტომ, რომ გვსურს ყველა ქალი ჩართული იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს დისკრიმინაციას ვუწევთ, უბრალოდ, ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან პირველი თამამი ნაბიჯი იმისკენ, რომ ვთქვათ — ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერ სფეროში დავსაქმდეთ და მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში. მეც მათთან ერთად ვარ ერთ-ერთი თანამშრომელი, მძღოლი ქალი, რომელიც იდეის გაჩენის დღიდან ვმუშაობ და ვეცნობი საზოგადოების აზრს.
– საქართველოში რთულად ეგუებიან სიახლეებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება ნდობა, როგორ მიიღებს საზოგადოება?
— იდეის გაჩენის დღიდანვე კარგად ვაცნობიერებდით მსგავს გამოწვევებს და მზად ვართ არ დავიშუროთ ენერგია და მოვიპოვოთ ადამიანების ნდობა. ვნახოთ რა გამოგვივა.
– როგორ უნდა დაგიკავშირდეთ ადამიანი, ვისაც თქვენთან თანამშრომლობა სურს?
— ვაკანსიები დევს დასაქმების საიტზე job.ge, საიდანაც შეუძლიათ 25 წლიდან ზემოთ ასაკის ქალბატონებს გამოგზავნონ რეზიუმეები. გასაუბრებები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.
– როდის გავა თქვენი მანქანები ქალაქში?
— როგორც კი შეიკვრება კვალიფიციური გუნდი. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე იხილოს მოსახლეობამ ჩვენი ინოვაცია. 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გვექნება ოფიციალური გახსნა, როგორც სრულუფლებიანი კომპანია. მოგეხსენებათ, აქამდე სატესტო რეჯიმში ვმუშაობდით.
– რა მოლოდინი გაქვთ სამომავლოდ?
— სამომავლოდ ველით ადამიანების კეთილგანწყობას და ვგეგმავთ უამრავ ახალ შეთავაზებას!