თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დედაქალაქის ავტობუსების ორ ქალ–მძღოლს 8 მარტი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა მიულოცა საკრებულოს წევრებთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.
დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც უქმედ არის გამოცხადებული. თბილისში სხვადასხვა მარშრუტით 500 ავტობუსი მოძრაობს, და ქალი–მძღოლი მხოლოდ ორის საჭესთან ზის.
„ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ამ ადამიანებს უამრავი მოქალაქის სიცოცხლე აბარიათ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს ამ რთული, თუმცა საინტერესო პროფესიით“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.
ქალმა მძღოლებმა ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ყურადღება მათ კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
ერთი მათგანი – მადონა ნაროუშვილი 62 წლისაა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ავტობუსის ერთადერთი ქალი მძღოლი.