თბილისი, 6 მარტი — Sputnik. კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება ფორუმი სახელწოდებით „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ", ნათქვამია პეტროზავოდსკის ქალაქის ოლქის კულტურის მართვის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ორგანიზებულია კარელიის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის Театр поэзии КРЕДО („პოეზიის თეატრი კრედო") ინიციატივითა და რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით. პარტნიორები არიან ბათუმის მერია და ქალაქ რუსთავის რუსული კულტურის საზოგადოება „წყარო".
ფორუმის დევიზია — Мы разные, но сильны единством! („ჩვენ განსხვავებულნი ვართ, მაგრამ ძლიერნი ვართ ერთიანობით!"). ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი საშუალებას იძლევა, მოხდეს კარელიისა და საქართველოს ქალაქების ახალგაზრდების კონსოლიდაცია ტოლერანტობის, მშვიდობისა და თანხმობის იდეების გარშემო, ასევე გამტკიცდეს ეროვნებებს შორის დიალოგი.
ფორუმის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდები ბათუმიდან და რუსთავიდან კარელიაში — პეტროზავოდსკში, კონდოპოგასა და მედვეჟიეგორსკში ქართულ ცეკვებსა და თეატრალურ ხელოვნებას წარადგენენ.
ამას გარდა, ფორუმის ფარგლებში, 13 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით პეტროზავოდსკში დაგეგმილია კარელიის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ბადრი თოფურიას გამოფენა ესენინის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუზეუმთან და საქართველოს გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებთან ერთად.