ბურჯანაძე: ყველაფერს ივანიშვილის ფული გადაწყვეტს

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთან" მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" პრეზიდენტის თანამდებობაზე წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება მისაღები.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება. ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს ექვსი წლით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. „ქართულ ოცნებას" კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა კულუარებში შესაძლო კანდიდატებზე საუბრობენ — იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილზე.

„გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ივანიშვილის ფული. ვისაც ივანიშვილი დაუჭერს მხარს, მას ექნება „ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერის მეტი შანსი. ესაა ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ ყველაფრის გადაწყვეტა ივანიშვილის ფულს შეუძლია და არა კანდიდატურას, პლატფორმას, პროგრამას. ეს საქართველოსთვის კატასტროფაა, კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის", — განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე ხელისუფლების სისუსტესა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ვითარების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხალხი „გამოიღვიძებს".

„თუ ადამიანები არ გაიყიდებიან, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გაიყიდნენ – ვიღაც დადუმდა, როდესაც აშკარად ხედავდა, რომ არჩევნებს აყალბებდნენ, ვიღაცამ, უბრალოდ, ფული აიღო და ივანიშვილს მისცა ხმა – ეს თუ არ მოხდება, შანსი იქნება. ისე საერთოდ არა აქვს აზრი, რა ერქმევა „ქართული ოცნების" კანდიდატს. საერთოდ არანაირი აზრი არა აქვს, ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან ვინ — მინისტრი, რადგან სულ ივანიშვილის გვარი უნდა წაიკითხო, ხოლო ფრჩხილებში — მინისტრის ან ჩინოვნიკის გვარი. აი, ეს არის კატასტროფა", — განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში განაცხადა. ის პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა — 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. 2013 წელს ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. ოპოზიციის მტკიცებით, ის ქვეყანას კულისებიდან მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0