თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგევდრზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა ტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა. ამ დროისათვის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთს, თოვლის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.