თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ტურისტებს, რომლებიც აჭარას სტუმრობენ, მისი მთიანი ნაწილი იზიდავს — წლის განმავლობაში ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 98%-ით გაიზარდა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
დეპარტამენტის მონაცემებით, 2017 წელს მთიანი აჭარის ტურისტული ობიექტები და მუზეუმები 45,7 ათასმა ადამიანმა მოინახულა, რაც 98%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებზე.
ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად ქედა, მაჭახელას ხეობა და ხულოა დასახელებული. აქედან ყველაზე მეტი პოპულარობით ქედა სარგებლობს, სადაც დაახლოებით 20,3 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა. ხულოს 2017 წელს 18,6 ათასი ადამიანი, ხოლო მაჭახელას — 7,7 ათასი ადამიანი ესტუმრა.
ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლიდან 32%-ით გაიზარდა მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში ვიზიტორთა რიცხვი, სადაც 2017 წელს 15,3 ათასი ტურისტი იმყოფებოდა.
დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, მთიანი აჭარის პოპულარობის ასეთი ზრდა განპირობებულია კარგი მოსამზადებელი და საინფორმაციო კამპანიით, რომელსაც უწყება ატარებს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სამივე ტურისტული მარშრუტის განვითარება–პოპულარიზაციის მიმართულებით. წლის განმავლობაში 12 ინფოტურს გავუწიეთ ორგანიზება და 180-მდე ადამიანს გავაცანით მთიანი აჭარის ტურისტული შესაძლებლობები. ასევე, გადავამზადეთ გიდები აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით და, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გამოიღო კიდეც შედეგი“, – აღნიშნა მან.
გასული წლის განმავლობაში საქართველოს 7,5 მლნ უცხოელი ესტუმრა, საიდანაც 3,5 მლნ ტურისტი იყო. 2017 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ.