Badagoni პოზიციებს თმობს – კომპანიამ ოფისი დახურა

გამოწერა
თებერვალში სამართალდამცველებმა „ბადაგონის“ ოფისში საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის კომპანია „ბადაგონის“ სათაო ოფისმა თბილისში დროებით შეაჩერა მოღვაწეობა და კახეთში გადადის, განაცხადა კომპანიის ამჟამინდელმა მფლობელმა გიორგი სალაყაიამ.

მას შემდეგ, რაც „ბადაგონის“ ყოფილი მფლობელის საჩივრის საფუძველზე თებერვლის შუა რიცხვებში სათაო ოფისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, სათაო ოფისის მუშაობა, პრაქტიკულად, შეჩერდა და კომპანიამ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ვერ გაააგრძელა.

„ჩვენ გადავდივართ კახეთში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები ქვეყნისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე. ჩვენი გუნდი 600-ვე თანამშრომლის გვერდით იქნება და იმუშავებს მათთან ერთად", — განაცხადა სალაყაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მისი სიტყვებით, კომპანიას ბოლო პერიოდში სერიოზული ზარალი მიადგა.

„ბადაგონმა“ ამ ფაქტორების გამო ბოლო პერიოდში მსხვილი კონტრაქტორი დაკარგა, რომელიც ახორციელებდა „ბადაგონის“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში, ასევე რუსმა დისტრიბუტორმა თქვა უარი თავისი პირობების შესრულებაზე", — აღნიშნა სალაყაიამ.

მან განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს „ბადაგონში“ შექმნილი ვითარება გააცნო და მისგან პირობა მიიღო, რომ პირადად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს.

ამავე დროს, სალაყაიამ აღნიშნა, რომ მზადაა სასამართლოს გზით გადაჭრას არსებული პრობლემები.

კომპანია „ბადაგონში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე გააკეთა კომენტარი.

„აქ დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიდის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბიზნესის ინტერესები ჩვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ბიზნესს", — აღნიშნა ბახტაძემ.

„ბადაგონით“ საგამოძიებო სამსახური მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მას კვიპროსზე დარეგისტრირებულმა კომპანია Grakoro trading limited-ის წარმომადგენლებმა მიმართეს, რომლის აქციების 81%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე გივი ეზუგბაიაა. Grakoro-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სალაყაიასთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ „ბადაგონის“ წილს დროებით მასზე გადააფორმებენ, რათა მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ბანკში კრედიტის აღების საშუალება ჰქონოდა.

„ბადაგონს“ კრედიტი მას შემდეგ დასჭირდა, რაც კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორს ვლადიმერ ჯანჯღავას, რომელიც გივი ეზუგბაიას სიძეა, ფინანსური პრობლემები შეექმნა და მან ვეღარ შეძლო თანხის გამოყოფა. 2003 წლიდან 10 წლის განმავლობაში „ბადაგონმა“ 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Grakoro-ს წარმომადგენლებმა სალაყაიას არაერთხელ მიმართეს წილების დაბრუნების თხოვნით, მაგრამ ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სალაყაიამ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ჯანჯღავას სურს მისი წილის წაღება მიუხედავად იმისა, რომ მას Grakoro trading limited-თან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

თავის დროზე სალაყაია იყო მენეჯერი, ახლა კი "ბადაგონის" 100%-იანი წილის მფლობელია.

ყველა ახალი ამბავი
0