თბილისი, 4 მარტი — Sputnik. იანვარში 4400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ სტატისტიკურ მასალაში.
იანვარში ჩადენილი დანაშაულის 29,5% გახსნილია.
2018 წლის პირველ თვეში ყველაზე მეტი დანაშაული ჩადენილია კერძო საკუთრების წინააღმდეგ — ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მითვისება, გამოძალვა და სხვ. შსს-მ 1700-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა დათვალა, რაც შარშანდელ მაჩვენებლებს 44,6%-ით აღემატება. ამ შემთხვევაში დანაშაულის გახსნის პროცენტმა თითქმის 22,2% შეადგინა.
მეორე ადგილზეა დანაშაული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის ჩადენილი — ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე, მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, ოჯახური ძალადობა და სხვ. შსს-ს მონაცემებით, იანვარში 775 მსგავსი დანაშაულია ჩდენილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79,4%-ით მეტია.
775 დანაშაულიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის ჩადენილი, სამართალდამცველებმა 47,1% გახსნეს.
მესამე ადგილზეა დანაშაული, რომელიც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას უკავშირდება. ამა წლის იანვარში შსს-მ 467 მსგავსი დანაშაული დააფიქსირა, რაც შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 3,7%-ით ნაკლებია. დანაშაულის გახსნის პროცენტმა დაახლოებით 2,6% შეადგინა.