თბილისი, 4 მარტი — Sputnik. რუსეთის პატრიარქი კირილი ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში და ეცდება, რომ ეს უმოკლეს დროში განხორციელდეს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის 22 თებერვალს, თითქოსდა გულის შეტევით გარდაიცვალა.
2 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ მიმართა თხოვნით რუსეთის პატრიარქს, რათა მან ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში თავისი დიდი ავტორიტეტი გამოიყენოს.
საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში რუსეთის პატრიარქი კირილი უკვე ჩაერთო.
„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს. მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.
არსებული ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი ახლა ექსპერტიზაზეა, რომლის დასრულების შემდეგ მის გადმოსვენებას „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია განახორციელებს.
„ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ტატუნაშვილის დაკავების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. „ოსი ერის გენოციდში".
გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ტატუნაშვილის სიკვდილი გამოძიების ინტერესში არ შედიოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.