თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მესტიის ცენტრში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქციაზე, რომელიც სეტის მოედანთან მიმდინარეობს, შეკრებილია სვანეთის ყველა თემის წარმომადგენელი.
აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობების შეჩერებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ჰესები სვანეთს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს.
დღევანდელ აქციას ასევე შეუერთდნენ ეკოლოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და კახეთის რეგიონის წარმომადგენლები.
აქციაზე მომიტინგეებმა მიმართვა მიიღეს. ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა ინსტიტუციას მიმართავენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები. კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუსაოების ჩატარების აკრძალვას“, — აღნიშნულია სვანეთის თემთა შეკრების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.