თბილისი 4 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თავიანთ ნაცნობს, 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი ბრალდებულებმა თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს.
დაკავებულთა ასაკი 27-დან 35 წლამდე მერყეობს, მათი უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი — 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები ბათუმში, სენაკსა და თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.