რატომ დაითხოვა მეჭიაურმა თიანეთის მერიის თანამშრომლები

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიანეთის მერიის წარმომადგენლებმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ Facebook-იდან შეიტყვეს

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თიანეთის მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა ნატო სუარიშვილმა, გრიგოლ კახოშვილმა და კახაბერ კუჭავამ მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებაში დაადანაშაულეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

სამსახურიდან დათხოვნილი  თანამშრომლების განცხადებით, მათზე  განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. 

„წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არცერთი ფაქტი არ დადასტურდა, გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და წუხელ გამთენიისას 04:00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.

თიანეთის მერიის წარმომადგენლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით შეატყობინეს.  

„ჩვენს ადგილებზე კი დღესვე დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები. ასე შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უფლებაჩამორთმეულად არასოდეს გვიგვრძვნია თავი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი და არა მას“, — ნათქვამია წარმოამდგენლების განცხადებაში.

თანამდებობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იზიარებენ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კურსსა და მიზნებს და პირადად არიან  ბოლო 4-წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე მათგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის.

„გაუგებარია რისთვის ვისჯებით!? რატომ ხდება ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია!? გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წერილი და იმსჯელოთ თიანეთის მერიაში გაბატონებულ მასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დროა ყველა კომპეტენტურმა პირმა ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თორემ ცოტა ხანში თიანეთის მუნიციპალიტეტში აღვირახსნილობა დაისადგურებს”, — ნათქვამია წერილში, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულს გაუგზავნეს.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ტერიტორიულ ერთეულებში მისი წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს.

ოპოზიციური პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი ადგილობრივი თვითმმართვეობის არჩევნებზე გახდა. მან ხმების 50,01%, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა კი 49,99% აიღო.


ყველა ახალი ამბავი
0