თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ისეთი მჟავე სასმელების დალევა, როგორებიცაა ხილის ჩაი, ალკოგოლი და ლიმონადი, ასევე პირის ღრუში მათი დიდხანს გაჩერება კბილის ეროზიის რისკს ზრდის, შესაბამისი კვლევა ჟურნალ British Dental Journal-ში გამოქვეყნდა.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარები დააკვირდნენ კბილის დაზიანებული მინანქრის მქონე 300 ადამიანის კვებას და ჯანსაღი პირის ღრუს მქონე 300 ადამიანს. დადგინდა, რომ კბილების ეროზიას იწვევს არა თვითონ საკვები და სასმელი, არამედ ის, როდის და როგორ ჭამს და სვამს ადამიანი.
აღმოჩნდა, რომ კბილებისთვის ყველაზე საზიანოა მჟავე საჭმელისა და სასმელის მიღება შუალედებში. იმათთვის, ვინც დღეში ორჯერ სვამდა უალკოჰოლო სასმელს, ლიმნიან წყალსა და ცხელ ხილის ჩაის, ძლიერი ეროზია 11-ჯერ უფრო დამახასიათებელი იყო.
გარდა ამისა, უშაქრო უალკოჰოლო სასმელები ისეთივე საშიში აღმოჩნდა, როგორც შაქრიანი. მეცნიერთა თქმით, კბილებს ასევე აზიანებს ტკბილი აბები და წამლები ხილის გემოთი. აღმოჩნდა, რომ ცხელი სასმელები ეროზიას ცივებთან შედარებით უფრო ხშირად იწვევს. მარინადებიც რისკის სიაში მოხვდა.
კბილებისთვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს სასმელების წრუპვა, პირის ღრუს გამოვლება და დიდი ხნით გაჩერება, ასევე ხილის ხანგრძლივი ჭამა. დანტისტების თქმით, ეს ზრდის კონტაქტის ხანგრძლივიბასა და ძალას მჟავასა და კბილების ზედაპირს შორის.
ექსპერტების თქმით, კბილების დაშლის პრობლემის გადაჭრისთვის კვების დაბალანსებაა საჭირო: არ დალიოთ მჟავე სასმელები შუალედებში, მშიერ კუჭზე ნაკლები მჟავე პროდუქტი მიირთვით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე.