თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება, იუწყება ბაღის ადმინისტრაცია სოცილაურ ქსელში.
ღონიძიებაზე მისულ სტუმრებს მწვანე და სუფთა გარემოსთან ერთად ელოდებათ მცენარეების გამოფენა-გაყიდვა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი პროგრამა ShowTime-სგან, ზალიკო სულაკაურის ხატვის მასტერკლასები (კარიკატურები საჩუქრად).
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.
ბაღის ადმინისტრაცია დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პატარა სტუმრებს დედებთან ერთად იწვევს.
„ეს არის ბაღი საუკეთესო მოგონებებისთვის, ამიტომ მოდი ბაღში დედასთან ერთად, რათა შეიქმნა საუკეთესო მოგონებები შენც!“, — წერს ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.
ღონისძიებაზე აგრეთვე ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ნინო ჩაკვეტაძე თანამედროვე ქართველი მხატვარია, მისი ნამუშევრები მნახველს ბავშვობაში აბრუნებს და საოცარ ემოციებს იწვევს. პერსონაჟებს ხშირად სევდიანი, მაგრამ მართალი, ბავშვივით პირდაპირი მზერა აქვთ.
ნინო ჩაკვეტაძე 1971 წელს თბილისში დაიბადა. 1986–1990 წლებში სამხატვრო ინსტიტუტში, ხოლო 1990–1996 წლებში – სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1997 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს 1991 წლიდან აღნიშნავენ, ქვეყანაში ეს დღე უქმედ არის გამოცხადებული.