თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველაზე პოპულარული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა ინჟინერია, იუწყება ჟურნალ Forbes-ის ქართული ვერსია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სტუდენტების დიდმა ნაწილმა — 5,3 ათასმა, ჩარიცხულთა მთლიანი რაოდენობის 34%-მა, 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამები სწორედ ინჟინერიის სფეროში აირჩია.
მეორე ადგილზეა პროგრამები აგრარულ სფეროში, რომელიც 2,3 ათასმა სტუდენტმა შეარჩია (14,5%), ხოლო მესამეზე — ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამები — 2,1 ათასი.
ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სოციალური მეცნიერებები (84 სტუდენტი) და საბუნებისმეტყველო დისციპლინები (54).
გასულ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოში 15,6 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა. 2017 წლის მონაცემებით, ამ პროგრამებს ქვეყანაში ახორციელებს 125 სასწავლო დაწესებულება, აქედან 82 კერძოა, ხოლო 42 — სახელმწიფო.
საქართველოს ხელისუფლება 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განათლებასა და აქცენტს მის განვითარებაზე აკეთებს. ამისთვის ბიუჯეტში 40,8 მილიონ ლარზე მეტია გათვლილი.
ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.
დაგეგმილია პროგრამების დანერგვა, რომლებიც მოსწავლეებს სწავლის დასრულებამდე პრაქტიკისა და მუშაობის საშუალებას მისცემს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, პროფსასწავლებლებში სწავლას ასევე მსჯავრდებულები და პრობაციონერები შეძლებენ. ამისთვის მთავრობამ განსაკუთრებული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პროფესიის ათვისების საშუალებას საპატიმროდან გამოსვლამდე იძლევა.