თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 53 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ვახუშტის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე ორი სამაშველო ბრიგადა, ასევე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
ამ დროისთვის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სავარაუდოდ, მას ფეხი აქვს მოტეხილი.
ეს სუიციდის მცდელობა იყო თუ უბედური შემთხვევა, ამას გამოძიება დაადგენს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ("თვითმკვლელობამდე მიყვანა") აღიძრა, რაც თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.