სინოპტიკოსები: 2018 წლის თებერვალი – ტემპერატურული ანომალიები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში გასულ თვეს ნორმაზე 3-4 გრადუსით მაღალი ტემპერატურა იყო.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის თებერვალი ზამთრის ყველაზე თბილი თვე იყო 1960 წლის შემდეგ. ასეთია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემები.

სააგენტოს ცნობით, ბოლო 58 წლის განმავლობაში გასული თვე ტემპერატურული ანომალიებით მეექვსე ადგილზეა 1966, 1977, 2009, 2016 და 2013 წლების შემდეგ.

ჰაერის ტემპერატურა თებერვალში ნორმაზე 3-4 გრადუსით მაღალი იყო. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +6 გრადუსი, ხოლო მთაში და მაღალ მთაში —1, +5 გრადუსის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები +4, +6 გრადუსი აღინიშნებოდა სამხრეთ საქართველოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია — +21, +23 გრადუსი.

თებერვალში ყველაზე დაბალი ტემპერატურა თვის დასაწყისში აღინიშნა. სამხრეთ საქართველოს მთიანეთსა და ზემო სვანეთში მინუს 13-16 გრადუსი დაფიქსირდა.

ნალექის მხრივ თებერვალი მთელ საქართველოში მშრალი იყო. შედარებით მეტი ნალექი მოვიდა სამცხე-ჯავახეთში — ნორმაზე 30%-ით მეტი.

ნალექის მაქსიმალური რაოდენობა, როგორც ყოველთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი ამინდი თებერვალში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0