თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა დახმარება გაუწიოს მეწარმეებს, რომლებიც თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის სამსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, და განადგურებული საქონელი ჩამოაწეროს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ხანძარი 27 თებერვალს, დაახლოებით 00:15 საათზე დაიწყო და ბაზრობის ხუთი ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, რომელშიც განთავსებული იყო პროდუქტებისა და ტანსაცმლის მაღაზიები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო 30 სახანძრო ბრიგადა, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 150 მეხანძრე-მაშველი.
დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით „ქალაქის გულის" ადმინისტრაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
„ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები", — ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებს დავალიანებაზე იძულებითი ღონისძიებების 1 წლის ვადით გადავადების ან/და შეჩერების შესახებ.
რაც შეეხება თავად შენობას, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. მანამდე კი მოვაჭრეებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, მეზობელ ტერიტორიაზე გადაიყვანენ, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.
თბილისის მერის სიტყვებით, ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა ინდივიდუალურად შეხვდეს ყველა მოიჯარეს. აუცილებელია საქონლის აღწერა, რომლის შემდეგაც ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ბაზრობის მფლობელია კომპანია „თერგი".
ბაზრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 240 მოვაჭრე ადამიანი დაზარალდა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“), რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.