თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ფოთის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე და პედაგოგი გამოვიდა პარასკევს ფოთის ცენტრში საპროტესტო აქციაზე, იტყობინება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ფოთიდან.
ფოთელი მოსწავლეები აღშფოთებას გამოთქვამდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ არსებობს, აბიტურიენტებმა გამოცდები სხვა ქალაქებში უნდა ჩააბარონ.
„ვითხოვთ აღდგეს ფოთში საგამოცდო ცენტრი. ჩვენთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არგუმენტები ყოვლად მიუღებელია. ხვალ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილს ვხვდებით. ვნახოთ, რა პასუხი ექნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ", – განუცხადა „Sputnik–საქართველოს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე აბიტურიენტმა.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად ფოთში 1500-მდე აბიტურიენტია, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას წელს აპირებენ და ისინი დანებებას არ აპირებენ.
2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად — მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.