ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Vadachkoria / ქართველი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია
ქართველი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია, რომელიც საქართველოში ხელოვნების ამ დარგის დამფუძნებლად მიიჩნევა, დაჯილდოებულია პრეზიდენტის ღირსების ორდენით.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ქართველი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მძიმე ავადმყოფობის შედეგად 57 წლის ასაკში დღეს დილით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ვადაჭკორიამ ორი წლის წინ ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების ვარაუდით მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო.  ვადაჭკორია მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა, მეორე ინსულტი უკვე ვერ გადაიტანა.

ზურაბ ვადაჭკორია 1961 წლის 24 თებერვალს თბილისში დაიბადა. 18 წლის იყო, როცა სცენაზე დადგა. 1981 წელს ზურაბი მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბის წევრი გახდა. 1984 წელს ჰქონდა პირველი სერიოზული გასტროლები ინდოეთსა და ნეპალში.

იგი საქართველოში ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელია.

1997 წელს ზურაბმა სახელმწიფო ტელევიზიაში დასაბამი დაუდო ნახევარსაათიან პროგრამას „ფოკუს-მოკუსი ყველასათვის".

ზურაბ ვადაჭკორიას ქართულ ენაზე დაბეჭდილი აქვს 4 წიგნი. მათში ავტორი არა მარტო ახალ ფოკუსებს სთავაზობდა მკითხველს, არამედ განმარტავს ძველ ცნობილ ტრიუკებს.

2007 წელს ზურაბმა პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი — „გაქცევა ელექტრული კაფსულიდან". იმ წელსვე გამოუშვეს საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება" ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით.

ზურაბ ვადაჭკორია ლექციებს კითხულობდა თეატრალურ და საესტრადო-საცირკო ინსტიტუტში.

2000 წელს ზურაბ ვადაჭკორია პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0