უძველესი ქართული ღვინის ნაშთები მსოფლიოს 10 აღმოჩენას შორის დასახელდა

გამოწერა
კვლევებით დადგინდა, რომ ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოაშენეს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა Archaeology საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა.

საუბარი ეხება ქვემო ქართლში, სოფელ იმირთან მდებარე ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლის — „გადაჭრილი გორის" შესწავლას და ძვ.წ.აღ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ყურძნის წიპწების აღმოჩენას.

„ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინის ნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. 6000 წელს აყენებდნენ – დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს", – ნათქვამია გამოცემაში.

ქვევრი - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

2017 წელს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის ასევე დასახელებულია უძველესი ხალხების საკვებ რაციონში შემავალი მცენარეები (არიზონა), ჩაჩაპოიას ტომების შთამომავლები (პერუ),  კლდის მხატვრობა (ვენესუელა) და ა.შ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა ჯგუფი ქვემო ქართლში, სოფელ იმირის მახლობლად ოთხი ნეოლითური ხანის ნასოფლარის — „შულავერის გორის“, „იმირის გორის“, „დანგრეულის“ და „გადაჭრილი გორის“ შესწავლას ათწლეულებია ახორციელებს.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ ძვ.წ.აღ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ყურძნის წიპწები აღმოჩნდა. მოლეკულურ-მიკრობიოლოგიურმა კვლევამ ქიმიური მეთოდების დახმარებით დაადგინა, რომ აღმოჩენილ ჭურჭლებში ნამდვილად ღვინო ინახებოდა. საერთო ჯამში შეისწავლეს 30 ჭურჭლის ფრაგმენტი და მიწის 26 ფრაგმენტი. კვლევები ჩაატარეს საფრანგეთის, ისრაელის, იტალიისა და კანადის მეცნიერებმა.

კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშენა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.

ყველა ახალი ამბავი
0