თბილისი, 1 მარტი — Sputnik. იქ, სადაც შეთანხმებას პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ, საერთო ენას პოულობენ კულტურის, საგანმანათლებლო თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და, საერთოდ, უბრალო ხალხი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული დიასპორის საქმიანობას საზღვარგარეთ და, კერძოდ, რუსეთში. ასე მიიჩნევენ „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული პრესკონფერენციის მონაწილეები — ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძე.
„რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის ორგანიზაცია ვინმე ბიზნესმენმა ან ოლიგარქმა არ უნდა შექმნას. საჭიროა, რომ დიასპორას არა ოლიგარქის, არამედ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ჰქონდეს, რადგან ქაოტურად შექმნილმა ორგანიზაციებმა დიასპორის სახით ქვეყნის ინეტერესებს შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენონ, ვიდრე სარგებელი", — აღნიშნა ჭყოიძემ.
ექსპერტის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ უნდა იმუშაოს კულტურულ ღონისძიებებზე, ვიზების გაუქმების საკითხებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, თუმცა, მოქმედი დიასპორები ამ საკითხებს ხშირად ყურადღებას არ აქცევენ.
„სახალხო დიპლომატიის ხმა ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად ისმის, უფრო ზუსტად, არ არის ისეთი გავლენა ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როგორიც უნდა იყოს. ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია", — აღნიშნა, თავის მხრივ, ვასო კაპანაძემ.
მისი აზრით, ქვეყნის ხელისუფლება ნაკლებად უგდებს ყურს სახალხო დიპლომატიის მოსაზრებებს.
„რა არის სახალხო დიპლომატია? ესაა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მოქმედება, რომელიც მიმართული უნდა იყოს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვენთან არ არის", — განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ თუ ქართულ-რუსული ურთიერთობების სახალხო დიპლომატიაზე მიდგება საუბარი, აქ მძიმე მდგომარეობაა.
„გაქვს შეგრძნება, რომ ჩვენი ქვეყანა არანაირად არ თანამშრომლობს რუსეთთან, გარდა აბაშიძე–კარასინის ფორმატისა, იქ კი მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხები წყდება", — განაცხადა ვასო კაპანაძემ.
ორივე ექსპერტი შეჯერდა მოსაზრებაზე, რომ იმისთვის, რათა სახალხო დიპლომატიის ხმა საქართველოსა და რუსეთში უფრო მკაფიოდ გაისმას, აუცილებელია საიმედო ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც ლობირებას გაუწევს ქართულ ინტერესებს რუსეთში. ამ შემთხვევაში ამ ინსტრუმენტად უნდა გამოვიდეს ქართული დიასპორა, როგორც ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ფუნქციონირებს საკუთარი სამშობლოს ინტერესების გათვალისწინებით.