როდის აიკრძალება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntმონადირე
მონადირე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1 მარტიდან იკრძალება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მთავრდება და ის მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნება.

რაც შეეხება ჯარიმებს, აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ნანადირევის კონფისკაციას ითვალისწინებს.

„ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდება კონტროლი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0