თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქართულმა საზოგადოებამ პეტიციების ვებ-გვერდის Care 2 Petitions მეშვეობით პოპულარულ ამერიკულ სატელევიზო ქსელს HBO მიმართა და სთხოვა, რომ გადაიღოს სერიალი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით.
HBO ჩრდილოეთ ამერიკის საკაბელო და თანამგზავრული სატელევიზიო ქსელია, რომელიც კორპორაცია Time Warner-ში შედის. მისი აუდიტორია აშშ-ში 40 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის. HBO-ს წარმოების გადაცემებს, უმეტესად, ტელესერიალებს 150-ზე მეტი ქვეყანა ყიდულობს.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, მე-12 საუკუნეში დაწერილი პოემა არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ მსოფლიო პოეზიის შედევრს წარმოადგენს. აუცილებელია 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება.
პეტიციის ავტორი, ვინმე Salome C აღნიშნავს, რომ პოემაში მრავალ საკითხთან ერთად იმ ეპოქისთვის უჩვეულო — მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის თემაა წამოჭრილი.
პეტიციის ავტორი აღნიშნავს, რომ პოემის მიხედვით სერიალის გადაღების იდეა თავდაპირველად მიუღებლად ეჩვენებოდა, მაგრამ სერიალ „სამეფო კარის თამაშების" ნახვის შემდეგ ქართული პოემის მიხედვით სერიალის გადაღების იდეა არცთუ ურიგო აღმოჩნდა. „ამიტომ ძალიან ფასეული იქნება, თუ HBO თუნდაც განიხილავს ამ იდეას", — ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
ამჟამად პეტიციას უკვე თითქმის 4 ათასი ხელმოწერა აქვს.