საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ფერმერების სწავლას დააფინანსებს

© photo: Sputnikშიდა ქართლის რეგიონის მცხოვრებნი თავის ნაკვეთს ამუშავებენ
შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრებნი თავის ნაკვეთს ამუშავებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის წარმოების თანამედროვე მეთოდებს გააცნობენ.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ შეიმუშავა ფერმერთა განათლებისა და გადამზადების პროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ. პროექტის მიზანს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული შესაძლებლობების, კვალიფიკაციის ამაღლების და თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმჯობესება წარმოადგენს.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ რამდენიმე ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის ფერმერთა საერთაშორისო განათლების პროექტს, რომელიც დაფინანსდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს საქართველოს ფერმერების მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით”, — აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა მემორანდუმის გაფორმებისას.

პური ჟან-ჟაკისგან - Sputnik საქართველო
როგორ გახდა ფრანგი ფილოსოფოსი ქართველი ფერმერი და ხაბაზი

განათლებისა და გადამზადების პროექტი ითვალისწინებს დარგობრივი და ზოგადი ტრენინგების ორგანიზებას, კემბრიჯის უნივერსიტეტის დისტანციური პროგრამების განხორციელებას, სხვადასხვა ღონისძიებას განათლების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით.

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ასოციაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ფერმერებმა გამოთქვეს სურვილი, სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღონ თანამედროვე ცოდნა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოქტომბრის შეხვედრაზე ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. მაშინ თავად პრეზიდენტმა ფერმერებს მოუსავლიანობაზე შესჩივლა და განაცხადა, რომ მთელი მისი მოსავალი განადგურდა, გარდა კარტოფილისა, რომლის სათესლე მასალა მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აჩუქა.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ერთგვარ „ქოლგა" ორგანიზაციას წარმოადგენს და 600-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი ამ ქვესექტორის სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი სუბიექტია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციას სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, რადგან ფერმერებისა და კერძო სექტორის საჭიროებებსა და მოთხოვნებს აქტიურად იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0