თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში საქართველოში მოიწვია, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაიმართა ჟენევაში ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სეგმენტში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან, გაეროს გენერალურ დირექტორთან მიხაილ მოლერთან და სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან.
მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალურ მდივანთან განიხილა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება.
„გუტიერეშმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატა შემდგომი მხარდაჭერა ამ პროცესისადმი“, — ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრის დეტალებს.
გარდა ამისა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევის მოლაპარაკებების აქტივიზაციის მნიშვნელობა აღნიშნა.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.