ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს ფეხბურთის სუპერთასი მოიგო

© FB / Georgian Football Federationქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო
ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ორ მარტს იწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ საჩხერის „ჩიხურას“ ანგარიშით 2:1 მოუგო და პირველად საქართველოს სუპერთასი მოიგო.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა („ტორპედო“) და თასის მფლობელს („ჩიხურა“) შორის მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე შედგა.

სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა პირველ ტაიმში გატანილი გოლი ვერ ნახა. შეხვედრის ყველა ძირითადი მოვლენა ბოლო 15 წუთში განვითარდა.

76-ე წუთზე „ჩიხურა“ მას შემდეგ დაწინაურდა, რაც ირაკლი ბუღრიძემ ძლიერი დარტყმით გილი გაიტანა. 

„ტორპედოელებმა“ 10 წუთში რევანში აიღეს. საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ „ჩიხურას“ მეკარემ დინო ჰამზიჩმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, რის შემდეგაც საჯარიმოში არეულობით გიორგი კუხიანიძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

როდესაც გუნდები ფიქრებში უკვე დამატებითი 30 წუთისთვის ემზადებოდნენ,  91-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ევგენი ბოხაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კუტალიამ კარში გაგზავნა და „ტორპედოს“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

სუპერთასის გარდა, რომელიც გამარჯვებულებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა, „ტორპედოელებმა“ ფედერაციისგან 50 000 ლარის ჩეკიც მიიღეს.

სუპერთასის მატჩით საქართველოში ფეხბურთის ახალი სეზონი დაიწყო. რამდენიმე დღეში, 2 მარტს, 2018 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომლის გახსნის მატჩში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდება.


ყველა ახალი ამბავი
0