საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ავსტრიას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოუგო

გამოწერა
ქართველმა კალათბურთელებმა 2019 წლის კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ქალაქ შვეხატში ავსტრიის ნაკრებს ანგარიშით 78:64 მოუგეს.

სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე ქართველი კალათბურთელების მხარეს აღმოჩნდა. მათ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. მასპინძელი სუსტად მოქმედებდა პერიმეტრზე, უშვებდა შეცდომებს დაცვაში და ფარქვეშ ბრძოლას გამუდმებით აგებდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პირველი მეოთხედი ილიას ზუროსის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა — 19:5.

მეორე სათამაშო მონაკვეთში ქართველმა კალათბურთელებმა უკლეს ტემპს, ხოლო ავსტრიელებმა გაიღვიძეს და კალათაში ბურთის ჩაგდება დაიწყეს. ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ტომას კლეპეიში, რომელმაც მატჩის ბოლოს 23 ქულის დაგროვება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის ნაკრებმა მეორე მეოთხედი ანგარიშით 26:21 მოიგო, პირველ ათ წუთში მოპოვებული უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, რომ დიდ შესვენებაზე წასვლისას ის ანგარიშით 40:31 დაწინაურებულიყო.

© FB / Georgian Basketball Federationმატჩი კალათბურთში საქართველოს და ავსტრიის ნაკრებებს შორის
Матч между сборными Грузии и Австрии по баскетболу - Sputnik საქართველო
მატჩი კალათბურთში საქართველოს და ავსტრიის ნაკრებებს შორის

ქართველი ქომაგების სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ პარკეტზე დაბრუნება ვერ შეძლო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. ამის გამო ზუროსს აღსაზრდელთა თამაშის გადალაგება მოუწია. ავსტრიელებმა ქართველი კალათბურთელების დაბნეულობით ისარგებლეს და მესამე მეოთხედი ანგარიშით 18:15 მოიგეს და სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირეს.

დასკვნით სათამაშო მონაკვეთზე ავსტრიელებს ძალები და ოსტატობა ვერ ეყოთ. ქართველმა ქალათბურთელებმა მეტოქეს მეოთხე მეოთხედში აჯობეს (23:15) და მატჩი საბოლოო ანგარიშით 78:64 დასრულდა. ქართველმა კალათბურთელებმა შესარჩევ G ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მაიკლ დიქსონი აღმოჩნდა, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამ გამარჯვების წყალობით საქართველომ G ჯგუფში ბოლო ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კვარტეტის ლიდერია გერმანია, რომელმაც სერბეთს 79:74 მოუგო.

© FB / Georgian Basketball Federationმატჩი კალათბურთში საქართველოს და ავსტრიის ნაკრებებს შორის
Матч между сборными Грузии и Австрии по баскетболу - Sputnik საქართველო
მატჩი კალათბურთში საქართველოს და ავსტრიის ნაკრებებს შორის

მსოფლიო-2019-ის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 25 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ „სპორტის სასახლეში“ გამართავს. თამაში ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

2019 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაში მონაწილეობა ჯერ არც ერთხელ არ მიუღია.


ყველა ახალი ამბავი
0