თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსის მიზანი იყო სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და Ski patrol-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება.
გუდაურში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი 17-მა თანამშრომელმა გაიარა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
მონაწილეებმა შეისწავლეს: ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამის თევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები.