თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გორის რაიონში, სოფელ არბოში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი ინგრევა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
შენობა, რომლიც უკვე წლებია სახლ-მუზეუმის ფუნქციას ასრულებს, დანგრევის პირასაა. მოუვლელ მდგომარეობაშია ეზოც.
ადგილობრივების განცხადებით, სახლ-მუზეუმში ადრე ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებდა, თუმცა წლების განმავლობაში შენობას ძარცვავდნენ. განადგურდა მწერლის ნივთებიც.
როგორც ირკვევა, თავდაპირველად შენობა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, შემდეგ კი, მოუვლელობის გამო უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ადრე მოსწავლეებიც მოჰყავდათ ექსკურსიაზე, ახლა აღარც ნივთებია და აღარც ბიბლიოთეკა. დროთა განმავლობაში, ხალხმა გაიტანა ნივთები. რამდენჯერმე სხვადახვა მედიასაშუალებებმა რეპორტაჟები გააკეთეს, თუმცა ომის შემდეგ ამ ადგილით აღარავინ დაინტერესებულა", — განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რუსუდან ხაჩიურმა.
ნიკო იოსების ძე ლომოური დაიბადა 1852 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით 2 მარტს) ქართლის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ არბოში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. 1869 წელს დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, სადაც დაიწყო მისი აქტიური და შეგნებული ცხოვრება. 1875 — 1879 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა „ალი", რომელიც 1879 წელს ჟურნალ „ივერიაში" გამოქვეყნდა. ნიკო ლომოური ასევე მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორია.
სახლი, სადაც მწერალი დაიბადა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.