თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კუმისის ტბაში ჟანგბადის უკმარისობის გამო ათობით ტონა სქელშუბლა დაიხოცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
კუმისის ტბის მეპატრონის გელა ბაკურაძის თქმით, თევზი მასობრივად გამოირიყა და დაიხოცა. ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს.
„ახლა მივუყვებით ნაპირებს და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ", — აცხადებს ბაკურაძე.
ბაკურაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ შეაგროვოს დახოცილი თევზი.
„მოსახლეობას მოვუწოდებ, შევიდნენ ჩვენ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და ამ მომენტით ნუ ისარგებლებენ, მათ საკვებად თვითმოხმარების მიზნით არ მიაქვთ ეს თევზი, ამას სარეალიზაციოდ აკეთებენ“, — აღნიშნა ბაკურაძემ.
ბაკურაძე ვითარების გამოსწორებას მარტის შუა რიცხვებში ელოდება.
პირველად კუმისის ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის ფაქტი 2001 წელს დაფიქსირდა, შემდეგ კი 2013 და 2017 წელს განმეორდა.
კუმისი ხელოვნური ტბაა და გარდაბნის რაიონში მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი 5,4 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო აუზის ფართობი 97 კვადრატული კილომეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 4 მეტრს აღწევს.
ტბაში წყალი მდინარე ალგეთიდან არხის მეშვეობით შედის. ტბა ასევე წყალქვეშა წყლებით იკვებება. ტბის ფსკერი სამკურნალო ტალახითაა დაფარული. კუმისი მდიდარია თევზით (სქელშუბლა, თეთრი ამური, კობრი, ხრამული, ლოქო).
ტბის ირგვლივ მდებარეობს აგარაკები, განვითარებულია თევზაობა.