თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ლოტკინზე რიგითმა მოქალაქეებმა დანაწევრებული ლეკვი იპოვეს, ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეო გუზიტაშვილი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი ქუჩაში ცხოვრობდა და მას გამვლელები უვლიდნენ.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტოში ზარი ერთი საათის წინ დაფიქსირდა, რა დროსაც ჯგუფი აღნიშნული ადგილისკენ გაემართა, სადაც მათ ექსპერტ-კრიმინალისტები დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 259-ე მუხლით („ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა") და ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ერთი თვის წინ რუსთავში დაფიქსირდა, მოძალადე დაჯარიმდა 500 ლარით.