თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მკურნალობის კურსს გადის, მას სახის ნერვის ანთება აქვს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.
ექიმის სიტყვებით, მკურნალობამ შედეგი უკვე გამოიღო და პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მკურნალობა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ სახლის პირობებში მიმდინარეობს. მანამდე, კვირის დასაწყისში პატრიარქს თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და გამოირიცხა სხვა შესაძლო მიზეზები. ანალიზის პასუხები ძალზე კარგია“, – აღნიშნა შარტავამ.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქს სახის ასიმეტრია აღენიშნება, რაც სახის ნერვის ანთების დროს არის დამახასიათებელი. შარტავას თქმით, იმის გამო, რომ მისი უწმინდესობა დეკემბერ–იანვარში ხშირად ცივდებოდა, მას იმუნიტეტი დაუქვეითდა.