მითი პირველი — მარიხუანა მიჩვევას არ იწვევს
ევროპის ქვეყნების ნარკოლოგიური მიმართულების სამკურნალო დაწესებულებებში რაოდენობით პირველ ადგილზე ჰეროინის მომხმარებლები არიან, ხოლო მეორეზე — მარიხუანის. მიჩვევას რომ არ იწვევდეს, არ დაწვებოდნენ ეს ადამიანები სპეციალიზებულ კლინიკაში, ამბობს გელა ლეჟავა.
სწორედ იმის გამო, რომ მარიხუანის ერთხელ ან ორჯერ მოხმარების შემდეგ არ დგება ძალიან მძიმე შედეგი (გამონაკლისების გარდა), ის სოციალურად ძალიან იოლად ვრცელდება და იწვევს უმძიმეს სიტუაციას ქვეყანაში. დადგენილია ისიც, რომ მარიხუანის მომხმარებლების 35% პარალელურად სხვა ნარკოტიკსაც იღებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოდამოკიდებულების ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით (რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარია), 70,3% იმ პირებისა, ვინც მძიმე ნარკოტიკს იღებს, იწყებს სწორედ მარიხუანის მოხმარებით. ამიტომ ეძახიან მას ნარკომანიის კარიბჭეს.
მისი თქმით, ნარკომანიისთვის ზოგადად დამახასიათებელი თვისებაა გარკვეული დროის შემდეგ მსუბუქი ნარკოტიკიდან უფრო ძლიერზე გადასვლა. ხდება მომხმარებლის ცენტრალური ნერვული სისტემის, ასე ვთქვათ, სიამოვნების გამომწვევი ბირთვების დაზიანება. ადამიანი მსუბუქი ნარკოტიკისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს და მას უკვე უფრო ძლიერ საშუალებებში ეძებს.
მითი მეორე — მსოფლიოში საშიშ ნარკოტიკად არ მიიჩნევენ
მარიხუანა ჰეროინთან ერთად სოციალურად ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიაშია. 2016 წლის 19 აპრილს ამ ნარკოტიკს გაეროში სპეციალური სხდომაც კი მიეძღვნა, რადგან მექსიკამ, კოლუმბიამ და პერუმ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისი ამ სიიდან ამოღების წინადადებით მიმართეს. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ორგანიზაციაში დაასკვნეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
მითი მესამე — წარმატებული ადამიანები მარიხუანას მოიხმარდნენ
მარიხუანის მოწევა იწვევს არხეინობის განცდას, ადამიანს კი მსგავსი არაფერი სჭირდება. და, რაც მთავარია, ეს განცდა ძალიან მძიმედ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ადამიანის მისწრაფებაზე გამარჯვებისკენ, ბრძოლისუნარიანობაზე. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრებაც, რომ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები იმიტომ არიან შედარებით ჩამორჩენილები, რომ ასეთ ნარკოტიკებს იყენებდნენ და სწორედ ამან შეაჩერა მათი განვითარება, ისევე, როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნები — კოკაინის მოხმარებამ. ასე რომ, პირიქით — მარიხუანა წარუმატებლობის ნარკოტიკია.
მითი მეოთხე — მარიხუანა კურნავს
რაც შეეხება მარიხუანის სამკურნალო თვისებებს ან მედიცინაში გამოყენებას, ამ მცენარეში ჰალუცინაციებისა და სიამოვნების გამომწვევი ტეტრაჰიდროკანადიოლის გარდა, სხვა ქიმიური ნივთიერებებიც არის, რომელთა შორის არის კანაბიდოილი, რომელმაც, ცალკე აღებულმა, შეიძლება, მართლაც იქონიოს რაღაც სამკურნალო ეფექტი, მაგრამ მარიხუანის შემთხვევაში იმდენად დიდია ზიანი, რომ მისი მოქმედება არ ჩანს. აბსურდია მარიხუანის სამკურნალო თვისებებზე ლაპარაკი, თუმცა ზოგჯერ მეოთხე სტადიაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებს აძლევენ ამ ნარკოტიკს მორფინთან ერთად ან შენაცვლებით. იმის გამო, რომ მარიხუანას ზოგადად საზოგადოებისთვის მოაქვს ვნება, ამ მეთოდს მხოლოდ ზოგიერთი ქვეყანა იყენებს. მარიხუანა არ კურნავს ონკოლოგიურ ავადმყოფს, არამედ ამსუბუქებს მის მდგომარეობას მორფინთან ერთად.
მითი მეხუთე — საქართველოში მარიხუანას ისტორიულად იყენებდნენ
რაც შეეხება სვანეთში მარიხუანის საკვებში გამოყენებას, ამ მაღალმთიან რეგიონში არ ხარობს ის სანელებლები, რომლებიც თუნდაც იმერეთში მოდის და ამით არის განპირობებული ეს ტრადიციაც. თუმცა მისი ამ ფორმით მოხმარების დროს ფსიქიკაზე გავლენა ნულის ტოლია. იმ კანაბისში, რომელიც სვანეთში იზრდება, ტეტრაჰიდროკანადიოლის შემადგენლობა არის 1-2%. იმისათვის რომ მან გარკვეული გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე, ადამიანმა დაახლოებით ნახევარი კილო უნდა შეჭამოს. ალბათ ეს მცენარე აძლევს საკვებს რაღაც გემოს, მაგრამ ის არ ღირს იმ უბედურებად, რაც მარიხუანას როგორც ნარკოტიკს მოაქვს ქვეყნისთვის.
მითი მეექვსე — ლეგალიზაცია გამოასწორებს სიტუაციას
ნარკოტიკებზე მეტი ზიანი ამჟამად მოსახლეობისთვის ალკოჰოლს და თამბაქოს მოაქვს და ამის ერთადერთი მიზეზი ხელმისაწვდომობაა. რატომ არის, რომ ალკოჰოლს და თამბაქოს უფრო მეტი ზიანი მოქვს, ვიდრე თუნდაც ჰეროინს, რომელიც ბევრად უფრო ნარკოგენულია, ვიდრე მარიხუანა? იმიტომ რომ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ლეგალიზებულია და სწორედ ეს ლეგალიზაცია ქმნის იმ სიკვდილიანობის, დაავადებების და სხვა უბედურებების წინაპირობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ მარიხუანის ლეგალიზაციაც დავუშვით, ან დეკრიმინილიზაცია სპეციალური ღონისძიებების გარეშე მოვახდინეთ, ეს ალკოჰოლზე და თამბაქოზე მეტად დააზარალებს ქვეყანას.
ნიდერლანდები ნარკოპრობლემების მოსაგვარებლად ევროპაში ყველაზე დიდ თანხას — 130 ევროს ხარჯავს ერთ ადამიანზე წელიწადში, საქართველოში მეტადონის პროგრამებზე კი 6 მილიონი ლარია გამოყოფილი და ესეც არ არის საკმარისი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ, საქართველომ, სულ ცოტა, 15 ევრო მაინც უნდა დახარჯოს ერთ ადამიანზე. უცნობია, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს მარუხუანას საქართველოში, მართალია, ჩატარდა კვლევა, მაგრამ მისი შედეგები არ ასახავდა რეალობას.
და, ბოლოს, რატომ ვუყურებთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მარიხუანა დეკრიმინალიზებულია? კრიმინალიზებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, თუნდაც შვედეთში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება, მარიხუანის ჩათვლით, ექიმის დანიშნულების გარეშე არის სისხლის სამართლის დანაშაული. სხვა საკითხია მომხმარებელს ციხეში ჩასვამენ თუ ჯარიმას გადაახდევინებენ.