გერმანიის სადამსჯელო ზომები: საქართველოს მოქალაქეებს ღამით აძევებენ ქვეყნიდან

© photo: Sputnik / Igor Zaremboბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ არ შემოსულა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გერმანიიდან დეპორტირებულია საქართველოს 65 მოქალაქე, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარზე უარი უთხრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის იოსებ ჩხიკვიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ადამიანების დეპორტაცია რეადმისიის ფარგლებში განხორციელდა. უფრო ადრე გერმანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა 2017 წლის მარტში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

„65 მოქალაქე იყო დეპორტირებული არა მარტო გერმანიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ ამ რეისზე, მათ შორის ისლანდიიდან. რაც შეეხება უფლებების დარღვევას, ამ კუთხით საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მოუმართავს. და, მეორე – რეისს ყოველთვის დაჰყვება ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი. თუ გერმანიის მთავრობამ მოქალაქეს უარი უთხრა თავშესაფარზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხი აქტუალურია და ის დეპორტაციას ექვემდებარება. ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია", — განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

გამოსვლების ტრიბუნა საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო
საქართველო შეშფოთებულია – ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნიან

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან საქართველოს ის მოქალაქეებიც გამოაძევა, რომლებიც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ. მათთან გამთენიისას პოლიციელთა რაზმი მივიდა და ყოველგვარი განმარტების გარეშე მოსთხოვეს ჩაცმა და აეროპორტში გაყოლა საქართველოში დეპორტაციისთვის.

გასულ კვირას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. არსებული ვითარების განსახილველად გერმანიაში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება.

საქართველოს შსს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებას აპირებს, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. საპოლიციო ატაშეების ინსტიტუტის მეტი აქტიურობისთვის მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა.

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას აპირებს, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა საფრთხეებს უკავშირდება სავიზო რეჟიმის დარღვევა და ასევე რა მოჰყვება ამ დარღვევებს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

ყველა ახალი ამბავი
0