თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. XIX საუკუნის ცნობილი გერმანელი მხატვრის, ფერმწერისა და პეიზაჟისტის პოლ ფრანკენის საქართველოსადმი მიძღვნილი ტილოები ამიერიდან თბილისის ხელოვნების სასახლის სიამაყეა, აღნიშნულია ხელოვნების სასახლის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამი უნიკალური ტილო თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს (ხელოვნების სასახლე) მუდმივ მფლობელობაში მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფონდ „ფიროსმანის“ დამფუძნებელმა არჩილ გელოვანმა გადასცა.
საუბარია ტილოებზე „მტკვარი თბილისის ახლოს", „სოფელი კავკასიის მთებში" და „აღმოსავლური პეიზაჟი". როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ფრანკენის ორიგინალური ნამუშევრები ქართველმა კოლექციონერმა სოთბისისა და კრისტის აუქციონებზე შეიძინა.
კოლექციის ღირებულება ამ ეტაპზე 500 ათას ლარზე მეტია.
„არჩილ გელოვანისგან ხელოვნების სასახლეს არაერთხელ მიუღია საჩუქარი, გასულ წლებში მეცენატმა მუზეუმს პირველნაბეჭდი ქართული წიგნები, ძვირფასი გრავიურები და გამოყენებითი ხელოვნების იშვიათი ნიმუშები უსახსოვრა. პოლ ფრანკენის ტილოები უახლოეს დღეებში ადგილს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს", — ნათქვამია განცხადებაში.
პოლ ფრანკენი (1818—1884) მხატვრობაში რომანტიზმის მიმდევარი იყო და ამიტომაც მისი ნამუშევრები მიმზიდველი ფერებითა და ულამაზესი ფიგურებით გამოირჩევა.
მე-19 საუკუნეში კავკასიის სხვადასხვა მხარეში მოგზაურობის დროს ფრანკენს გაუღვივდა ინტერესი კავკასიელთა ყოფისა და ადათ-წესებისადმი. მას განსაკუთრებით იზიდავდა ცივილიზაციისგან ხელშეუხებელი ადგილები, უცხო ლანდშაფტები, ეთნოგრაფიული მოტივები. ამიტომაც სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში პოლ ფონ ფრანკენი „კავკასიის მხატვრად" მოიხსენიება.