თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ხაშურიდან თბილისში გამოპარულ ათი წლის ბავშვს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს თბილისის ზოოპარკი თავად დაათვალიერებინა.
პატრულის ეკიპაჟმა 20 თებერვალს თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვა. ბავშვი ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად ცხოველების სანახავად გამოიპარა.
ბავშვი ხუთშაბათს ისევ იმ პატრულის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა ხაშურიდან, რომელმაც დაკარგული იპოვა.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ თბილისის ზოოპარკის პრეს-სამსახურში განუცხადეს, ზოოპარკის ადმინისტრაციამ ბავშვს ერთწლიანი აბონემენტი და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერტიფიკატი გადასცა.
ზოოპარკის მასმედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უფროსი მზია შარაშიძე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა არ უნდა წაახალისოს ბავშვები სახლიდან გაქცევისა და მშობლების დაუკითხავად ზოოპარკში წასვლისკენ.