თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდისა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხების განსახილველად გერმანიაში გაემგზავრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გერმანიის შსს-ს 2017 წლის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეები მეშვიდე ადგილზე არიან. მარტო 2018 წლის იანვარში გერმანიას თავშესაფრის მიღების თხოვნით საქართველოს 632-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო გასული წლის დეკემბერში – 672-მა.
თებერვლის დასაწყისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიერმა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის შემთხვევაში არ გამორიცხა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა. მეზიერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას კრიმინალის ზრდა აშფოთებს.
იმის შესახებ, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა პრობლემა გახდა, განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.
„თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ თავშესაფრის მიღება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი აღნიშნულ მოთხოვნაზე უარს მიიღებენ. მინისტრის მოადგილე გერმანიაში იმყოფება და ეს იქნება ძალზე პროდუქტიული ვიზიტი“, — განაცხადა მახარობლიშვილმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის გამართვის შესახებ განაცხადა.
თავშესაფრის მაძიებელთა მხარდაჭერის ევროპის ბიუროს (EASO) მონაცემების მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 13-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო 879-ს უარი ეთქვა. ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია 5 567 განცხადება.