თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტები უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩებიან, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მიმდინარე წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ორ უმაღლეს სასწავლებელს — შპს სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს" და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას" ავტორიზაცია გაუუქმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე სასწავლებელში ერთად დაახლოებით 500-მდე სტუდენტი ირიცხება. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ სასწავლებლებში დარღვევები დაფიქსირდა როგორც სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, ისე ხარისხის მიმართულებით.
მანამდე, 2017 წლის დეკემბერში სასწავლებლის ადმინისტრაციის მოთხოვნით ავტორიზაცია გაუუქმდა ამერიკის ბიზნესის აკადემიას.
2018 წელს აკრედიტაციის საბჭომ სულ 39 საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიენიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მიეცა, ხოლო 12 პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.
განათლების მინისტრის თქმით, მონიტორინგის პროცესი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებას და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება.
„სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტს, მათ მშობლებს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი", — განაცხადა ჩხენკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების გარეშე არც ერთი სტუდენტი არ დარჩება. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობას იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ავტორიზაცია შეუწყდათ. სტუდენტები შეძლებენ სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაშიც ცენტრი კონსულტაციებითა და სასწავლებლებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.
საქართველოს განათლების მინისტრმა ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა.