სანამ საბურთალოზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-8 რაიონულ სამსახურს ვესტუმრებოდი და სასწრაფოს ექიმის როლს მოვირგებდი, ბევრი ვინერვიულე.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა ბავშვობისდროინდელ ოცნებას… დიახ, მთელი ბავშვობა ექიმობაზე და თეთრი ხალათის მორგებაზე ვოცნებობდი.
სანამ საქმეს შევუდგებოდი, „კოლეგებისგან“ რამდენიმე რჩევა მივიღე, მოვირგე ფორმა და გავეცანი აღჭურვილობას, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში დამხვდა: საკაცე, სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე სამედიცინო ყუთი, კარდიოგრაფი, გლუკომეტრი, დეფის აპარატი, ჟანგბადის ბალონები, ტრამვული საყელოები და სხვა…
პირველი შეტყობინებაც დაფიქსირდა — 112-ის ოპერატორმა გვაცნობა, რომ ახალგაზრდა ქალბატონს მუცელის სპაზმური ტკივილები ჰქონდა. ჯგუფიც მაშინვე გავიდა გამოძახებაზე…
სასწრაფოს, რომელსაც ჩართული აქვს სირენა, გზას არავინ უთმობს! არავინ ფიქრობს, რომ ერთი წუთი შეიძლება იმ ადამიანისთვის, რომელსაც უჭირს, ძალიან მნიშვნელოვანია. სასწრაფოს ხმაზე ჟრუანტელი მივლის… ამას ისიც ემატება, რომ მძღოლს ძალიან სწრაფად მიჰყავს მანქანა… რა ოსტატი უნდა იყო, რომ თბილისურ „საცობებში“ გაძვრე! გამოძახებაზე დაახლოებით 10 წუთში მივედით. მადლობა ღმერთს, მნიშვნლოვანი არაფერია. ექიმებმა პაციენტს შესაბამისი დამხარება აღმოუჩინეს და 15 წუთში დავტოვეთ გამოძახების ადგილი.
მეორე გამოძახება — ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე 10 წუთში გამოცხადდა. კვლავ სეროზული პრობლემები გზებზე…
ადგილზე მისულებს კი შემდეგი სურათი დაგვხვდა: მიკროავტობუსი „მერსედესს“, „მერსედესი“ კი „ოპელის“ მარკის ავტომობილს იყო შეჯახებული. ადგილზე მეორე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. საწრაფოს მანქანიდან ჩამოსულს შუა ხნის ქალბატონი მომვარდა და დახმარება მთხოვა, აქეთ წამოდი შვილოო. როგორც შემდეგ გაირკვა, დაშავებული ბავშვის ბებია იყო. ქალბატონს ვუთხრი, რომ მე სტაჟიორი ვიყავი, რაც შემეძლო გავაკეთე და „კოლეგებთან" გადავამისამართე. ალბათ არასოდეს დამავიწყდება იმ ბებიის მუდარით სავსე მზერა… ექიმებმა დახმარება დაშავებულებს ჯერ ადგილზევე აღმოუჩინეს, ხოლო შემდეგ ორი მგზავრი, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც გავარკვიე, არამიზნობრივი გამოძახებებიც საკმაოდ ხშირად ფიქსირდება. 112-მა გადმოგვცა, რომ ქუჩაში მამაკაცი შეუნიშნავთ უგონო მდგომარეობაში. ამ დროს გამოძახებაზე საპარტულო პოლიციაც მიდის. აღმოჩნდა, რომ შუა ხნის მამაკაცი ნასვამი იყო…
მოკლედ, ჩემი რამდენიმესაათიანი მორიგეობა ასე დასრულდა… ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. წარმოიდგინეთ, როცა 24-საათიან რეჟიმში ათეულობით უმწეო, გაჭირვებულ ადამიანთან გაქვს შეხება, როცა ყველაფერი პირადი უნდა დაივიწყო, არ გახსოვს ძილი, შიმშილი, სულ მუდამ ღიმილი უნდა გეფინოს სახეზე და მაქსიმალურად მობილიზებული იყო, რადგან აცნობიერებ, რომ შესაძლოა შენი უმნიშვნელო უყურადღებობით დაშვებული შეცდომა ვიღაცას სიცოცხლის ფასად დაუჯდეს…
პირადად მე, როგორიც არ უნდა იყოს სახელფასო ანაზღაურება, მგონია, რომ ის მაინც ვერ დაიტევს ამხელა პასუხისმგებლობას…
ძალიან ხშირად მსმენია ფრაზა – „სასწრაფო იგვიანებს“! ამის პასუხიც გავარკვიე — სანამ თითოეული ჩვენგანი არ გაითავისებს, რომ გზად მიმავალი სასწრაფოს უკან შესაძლოა ვიღაცის ბეწვზე დაკიდული სიცოცხლე იდგეს, სანამ გზას არ დავუთმობთ და იმედიან თვალს არ გავაყოლებთ სიცოცხლის გადასარჩენად მიმავალ ექიმებს, ჩვენც ვართ იმ პასუხისმგებლობის ზიარი, რასაც სასწრაფო დახმარების დაგვიანებას ვაბრალებთ!
მადლობა უფალს, რომ ჩემი მორიგეობა მშვიდობიანად დასრულდა… ძალიან დამაფიქრა ნანახმა — შევძლებდი კი მთელი ცხოვრება ამ პასუხისმგებლობით მეცხოვრა, ექიმის პროფესიაზე რომ შემეჩერებინა არჩევანი? არ ვიცი, ძალიან გამიჭირდებოდა…
ბედნერი ვარ, რომ ჟურნალისტიკა ავირჩიე, აქაც ხალხს ვემსახურები და საზოგადოებამდე მიმაქვს ის, რაც ხდება დღეს…