პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ კოორდინაცია გაუმჯობესდება

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია
შსს-ს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფო დახმარების ბრიფადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიიღებენ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ინციდენტებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებას შეუწყობს ხელს

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ახალ პროგრამას აამოქმედებს, რომლის დახმარებით ოპერატორი ონლაინ-რეჟიმში დეტალურ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საპატრულო პოლიციას შეტყობინების შემოსვლისთანავე გადასცემს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობს საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას. სიახლის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მცირდება კომუნიკაციის დრო და შესაძლებელი იქნება მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს ვადებში გადაცემა.

„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ს საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი სერვისი, რადგან თითოეულ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტიანები, სწრაფები და მათთან ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება“, — ციტირებს გახარიას შსს-ს პრესსამსახური.

უახლოეს პერიოდში იგეგმება ერთიანი სივრცის, ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ მოქალაქეებთან, აღნიშნა გახარიამ.

„ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რომ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იყოს მართლწესრიგი უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და ეს პროექტი გახლავთ ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟების და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატიულ კომპიუტერებში. ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა მინიმუმამდე ამცირებს როგორც ვერბალურ კომუნიკაციას, ისე ცდომილების ალბათობასაც, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და რეაგირების ოპერატიულობას, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.


ყველა ახალი ამბავი
0