მედეა ჯაფარიძე: მსახიობის დაუვიწყარი ხუთი კინოროლი

© photo: National Library of Georgiaმედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე"
მედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
დღეს, 20 თებერვალს ქართული კინემატოგრაფი თეატრისა და კინოს საკულტო მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მედეა ჯაფარიძის დაბადების 95-ე წლისთავს აღნიშნავს.

განუმეორებელმა სილამაზემ, უნიკალურმა ნიჭმა, არტისტიზმმა და უნიკალური კინოროლების პალიტრამ ჯაფარიძე დიდი მასშტაბის მსახიობად აქცია.

მედეა ჯაფარიძე 1994 წელს გარდაიცვალა.

ამ მნიშვნელოვან დღეს „Sputnik–საქართველო“ მსახიობის საუკეთესო როლებს იხსენებს, რომლებიც ქართულ კინოფონდშია შესული.

„გიორგი სააკაძე“

მედეა ჯაფარიძის დებიუტი კინოში. ორსერიან მხატვრულ ფილმში, რომელიც ანა ანტონოვსკაიას რომანის „დიდი მოურავის“ მოტივებზე რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა 1942 წელს გადაიღო, მედეა მეფე ლუარსაბის დის თინათინის როლს ასრულებს. ფილმში, რომელიც გიორგი სააკაძის თაოსნობით  ქართველი ხალხის საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლას ეხება, მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი და გიორგი დანელიაც კი (ეპიზოდურ როლში — რედ.). ფილმში შესრულებული როლებისთვის მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი სტალინის პირველი ხარისხის პრემიით დაჯილდოვდნენ.

„ჯურღაის ფარი“

1944 წელს მედეა ჯაფარიძემ რეჟისორების სიკო დოლიძისა და დავით რონდელის მხატვრულ ფილმში „ჯურღაის ფარი“ (1944) ეთერის როლი შეასრულა. ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს. მეომრები, რომლებიც ფრონტზე მიდიან, ნახევრადდანგრეულ ციხეში შედიან, სადაც ჯურღაის შესახებ ლეგენდას მოისმენენ, რომელიც ოდესღაც იქ ცხოვრობდა. ლეგენდის გმირი ცოცხლდება და მეომრებს გამარჯვებაში ეხმარება. ფილმმა 1950 წელს სტალინის პირველი ხარისხის პრემია მიიღო.

„ქეთო და კოტე“

რეჟისორების ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის ლეგენდარულ ფილმში „ქეთო და კოტე“, რომელიც 1948 წელს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმას“ მიხედვით გადაიღეს, შეუძლებელია მედეა ჯაფარიძის დავიწყება. მდიდარი თბილისელი ვაჭარი არისტოკრატიასთან დაახლოებაზე ოცნებობს და ამისთვის საკუთარი ერთადერთი ულამაზესი ქალიშვილის ქეთოს (მედეა ჯაფარიძე) მითხოვებას აპირებს ასაკოვან, გაკოტრებულ თავად ლევან ფალავანდიშვილზე (პეტრე ამირანაშვილი). ქალიშვილი სევდიანია, მას ხომ ახალგაზრდა პოეტი, თავად ლევანის ძმიშვილი კოტე (ბათუ კრავეიშვილი) უყვარს. მეგობრებისა და მაჭანკალი ხანუმას დახმარებით (თამარ ჭავჭავაძე) ახალგაზრდა შეყვარებულები ახერხებენ დიდგვაროვნების მოტყუებას და საკუთარი ბედნიერების მოპოვებას. ფილმში ჟღერს მუსიკა კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის კლასიკად აღიარებული „ქეთო და კოტედან“.

„ბროწეულის ფერი“

რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა მედეა ჯაფარიძე გადაიღო საკუთარ ფილმში „ბროწეულის ფერი“ (პირვანდელი სახელწოდება „საიათ-ნოვა“). ფილმი ცნობილი აშუღის საიათ-ნოვას ცხოვრებას ეხება, რომელიც რეჟისორმა კინოსტუდია „არმენფილმში“ 1968 წელს გადაიღო. მასში მედეა ჯაფარიძემ პოეტის დედის როლი შეასრულა. ფილმში ერთიან სიუჟეტურ ხაზად მოცემულია პოეტის შინაგანი სამყარო, მისი სიყვარულის ისტორია, პოეტის რელიგიასთან, ხალხთან  დამოკიდებულება. ფილმში მედეა ჯაფარიძესთან ერთად მონაწილეობენ სოფიკო ჭიაურელი, გიორგი გეგეჭკორი, სპარტაკ ბაღაშვილი, ვილენ გალუსტიანი, მელკონ ალექიანი, ოგანეს მინასიანი.

„სანამ წვიმა გადივლიდეს“

1985 წელს რეჟისორ ქეთევან დოლიძის დრამა „სანამ წვიმა გადივლიდეს“ — უკანასკნელი ფილმია, რომელშიც მედეა ჯაფარიძემ მიიღო მონაწილეობა და მთავარი როლი შეასრულა. სალომე მშვენიერი პედაგოგი იყო, თუმცა შვილის დაბადების შემდეგ მან გადაწყვიტა სამსახური მიატოვოს და მთლიანად შვილს მიუძღვნას თავი. რაც დრო გადის, იგი უფრო მეტად ხვდება საკუთარი გადაწყვეტილების უსამართლობას. აქედან გამოწვეული მისი წუხილის დანახვა კი არ სურთ არც მის შვილს და არც მეუღლეს. ფილმში მედეა ჯაფარიძეს პარტნიორობას ცნობილი თენგიზ არჩვაძე უწევს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, კახი კავსაძე, იაკობ ტრიპოლსკი და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0