ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ გაზარდა ნატურალური ღვინის, მინერალური წყლის, ფეროშენადნობების, სამკურნალო საშუალებებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტი.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ექსპორტმა საქართველოდან 2018 წლის იანვარში დაახლოებით 223 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 26%-ით მეტია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საქართველო, მთლიანობაში, წარმატებით ვაჭრობს — 2018 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20,1%-ით და დაახლოებით 817 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

2018 წლის იანვარში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 371 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 45,5%-ია.

რას ყიდის საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.

ღვინო - Sputnik საქართველო
2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

ექსპორტმა 2018 წლის იანვარში, რეექსპორტის გაუთვალისწინებლად, დაახლოებით 167,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის იანვრის მონაცემზე 16,8%-ით მეტია.

ამ პერიოდში ოქროს ექსპორტი გაიზარდა 57,4%-ით, ფეროშენადნობების ექსპორტი — 15,5%-ით, ღვინის — 30,1%-ით, სპილენძის მადნების — 3%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 41%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 1966%-ით.

ამავე დროს შემცირდა ექსპორტი სპირტიანი სასმელების — 12%-ით, მინერალური წყლების — 16,6%-ით, მედიკამენტების — 7,3%-ით,

რას ყიდულობს საქართველო

წლის დასაწყისიდან ასევე გაიზარდა იმპორტი — 2018 წლის იანვარში პროდუქციის იმპორტის მოცულობა 18,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის იანვარში გაიზარდა 19%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 144%-ით, გამომთვლელი მანქანების — 417%-ით, სატელეფონო აპარატების — 22%-ით.

ამავე დროს 2018 წლის იანვარში სამკურნალო საშუალებების იმპორტი შემცირდა 60,2%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — 8,2%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 3%-ით.

სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის იანვარში რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 197,1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,4%-ს შეადგენს.

ღორის ხორცი - Sputnik საქართველო
ხორცის ექსპორტი 2017 წელს საქართველოდან შვიდჯერ გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის იანვარში 112 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,7%-ია; საგარეო ბრუნვამ რუსეთთან ამავე პერიოდში — 94,1 მლნ დოლარი, მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,5%; აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 91,1 მლნ დოლარი, მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11,2%.

საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (67,4 მლნ დოლარი), სომხეთთან (42,2 მლნ დოლარი), უკრაინასთან (42,1), აშშ-თან (35,1), გერმანიასთან (28,4), რუმინეთთან (27,7), საფრანგეთთან (23,3).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 211,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემთან შედარებით 6,6%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 25,9%-ია.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადრე აღნიშნეს, ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რომელსაც ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითმა ტენდენციებმა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0