დიდმარხვა დაიწყო – რამდენად სწორად მარხულობთ

© photo: Sputnikმცხეთის ეკლესია
მცხეთის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მძიმე“ ორშაბათი გაგვითენდა, ანუ დადგა დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი. დღეიდან დაიწყო დიდი მარხვა, რომელიც 8 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დაგვირგვინდება. ეს მარხვა 7-კვირიანია და თავისი განსაკუთრებული წესებით გამოირჩევა.

პავლე მოციქული გვასწავლის: „მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით, არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით“.

რატომღაც მარხვა საჭმლის აკრძალვადაა გაგებული, არადა, უპირველესად, ის არის თავშეკავება, სიმდაბლე, სინანული, განცდაი თვისთა ცოდვათა, ქველის საქმე და ლოცვა. რაც შეეხება გასტრონომიულ მხარეს, თავშეკავება გვმართებს ხორცისა და ხორცის პროდუქტებისგან, ყველისა და რძის პროდუქტებისგან, კვერცხისა და თევზეულისგან. არ არის დაშვებული ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების დალევა. მარხვაში ადამიანი თმობს მავნე ჩვევებს, უარს ამბობს ცოდვებზე, თავშეკავებულია.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, ვინც პირველად აპირებს მარხვის შენახვას ან ვისაც სურს მისი გამკაცრება, აუცილებლად უნდა მიმართოს მოძღვარს რჩევა-დარიგებისა და ლოცვა-კურთხევისთვის. თვითნებურად, თვითრჩულობით მარხვის გამკაცრება და განსაკუთრებული ფსალმუნება დაუშვებელია. ასეთი რამ სულიერ მოძღვართან შეთანხმებით ხდება.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სამყარო დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: თუ ავადმყოფობისა და სხვა მიზეზთა გამო ადამიანს არ შეუძლია მარხვის შენახვა, მანაც უნდა მიმართოს მოძღვარს, რომელიც შეურჩევს მარხვის უვნებელ ზომასა და სახეობას.

დიდი მარხვის პირველი შვიდეული, ანუ პირველი კვირა სპეციფიკურია. ტრადიციულად, მას მკაცრად ინახავდნენ და ორშაბათიდან პარასკევ საღამომდე უზეთო საჭმელს იღებდნენ — ეს წესი დაცულია დღემდე სამონასტრო ცხოვრებაში. შაბათსა და კვირას მკაცრი მარხვა არ შეიძლება. დასაშვებია ცოტაოდენი ღვინის შესმაც.

დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ტაძრებში იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი და, როგორც წესი, მორწმუნეები ესწრებიან ამ მსახურებას.

დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება განსაკუთრებული წირვა, რომელსაც პირველშეწირულის ლიტურგია ეწოდება.

მირქმა - მიგებება უფლისა - Sputnik საქართველო
მირქმა - მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: ღვთისა და კაცის შეხვედრის დღე

დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი. საკურთხისთვის სასურველია დამზადდეს კოლიო (ხორბალი თაფლით), პური, წითელი ღვინო და ზეთი (შესაძლებელია, სამარხვო საკვებიც).

ამ მარხვაში იწყება მიცვალებულთა 40-დღიანი მოხსენიება, ამიტომ მორწმუნეები ჩამოწერენ გარდაცვლილთა სახელებს (მხოლოდ მართლმადიდებლობით მონათლულები. არ შეიძლება თვითმკვლელთა და ღვთისმგმობელთა მოხსენიება) და ტოვებენ ტაძრებში.

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ. ყველა ტაძარი წინასწარ აცხადებს, რომელ დღეს იქნება შესაძლებელი ამ მსახურების ჩატარება.

Католикос-Патриарх Всея Грузии Илия Второй - Sputnik საქართველო
პატრიარქის 85 წლის იუბილე: რწმენითა და სიყვარულით გაჯერებული საგალობლები

ყველიერის შვიდეულიდან მოყოლებული აღდგომის შემდეგი კვირის ჩათვლით, ანუ ბრწყინვალე შვიდეულის ბოლომდე არ შეიძლება ჯვრისწერა, რადგან ღმერთი არ აკურთხებს მარხვაში დამყარებულ ცოლქმრულ კავშირს.

სრულიად განსაკუთრებულია დიდმარხვის ბოლო კვირა, ანუ ვნების შვიდეული. ამის შესახებ თავის დროზე ვისაუბრებთ.

დადგა დიდი მარხვა — სულის ზეიმი, სიკეთის, სიყვარულის, სიმდაბლის, სინანულის, გაძლიერებული ლოცვის, დათმენის, შრომის ჟამი. ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს: მარხვას მაშინ აქვს აზრი, როცა აღსარების საიდუმლოს აბარებ, სინანულში ხარ და ეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს (ამის გარეშე მარხვა დიეტაა!) — ასე დაგეცვათ და გაგეტარებინოთ 7-კვირიანი პერიოდი და სრული სულიერი სიხარულით შეხვედროდით დღესასწაულთა დღესასწაულს — ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

ყველა ახალი ამბავი
0