თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სანიტარული ზედამხედველობისა და საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის საზედამხედველო ბიურომ ძაღლის საკვებში პენტობარბიტალი აღმოაჩინა, რომელიც ევთანაზიისას გამოიყენება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბიუროს საიტზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, კომპანია J. M. Smucker-ის მთელ რიგ პროდუქციაში პენტობარბიტალის შემცველობა დადასტურდა, რის შემდეგაც კომპანიამ 2016 წლიდან წარმოებული მთელი პროდუქცია ამოიღო მაღაზიათა ქსელიდან.
J. M. Smucker-მა საკუთარი გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ უკვე მიაგნო ძაღლის საკვებში ქიმიკატის მოხვედრის მიზეზს. კომპანიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საკვებში პენტობარბიტალის მოხვედრა ინგრედიენტების ერთ-ერთი მომწოდებლის წარმოების თავისებურებამ განაპირობა.
„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და უკიდურესად შეშფოთებულები ვართ… განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას მომწოდებლებთან და ვეტერინარებთან, რათა ინგრედიენტები სანიტარულ ნორმებს შეესაბამებოდეს და მაღალი ხარისხისა იყოს“, — ნათქვამია J. M. Smucker-ის საიტზე.
აღსანიშნავია, რომ პენტობარბიტალი ვეტერინარიაში გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური და ასევე საევთანაზიო საშუალება. გარდა ამისა, აშშ-ის რამდენიმე შტატში ამ ნივთიერებას სიკვდილმისჯილთა სასიკვდილო ინექციისთვისაც იყენებენ.