თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარებაში დაეხმარება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) და ხელი მოეწერა მეთევზეობის სექტორის განვითარების შესახებ შეთანხმებას.
„ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას, წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებას, სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას“, — ნათქვამია განცხადებაში.
დავითაშვილის განცხადებით, შავ ზღვას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია თევზჭერისა და აკვაკულტურის კუთხით და საჭიროა ამ რესურსების საფუძვლიანად ათვისება.
შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის კუთხით FAO-სთან თანამშრომლობის საკითხებზეც.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა თუ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით; ამჯერად აქცენტს გავაკეთებთ წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებაზე, რომლის მისაღწევად FAO დახმარებას უწევს ქვეყნებს არალეგალური, უნებართვო და არარეგულირებადი თევზჭერის აღმოფხვრაში“, — განაცხადა FAO გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარია ჰელენა სემედომ.
სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური დახმარების პროექტის უშუალო განმახორციელებელი ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის კომისია იქნება.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტთან, რომელთანაც ქართული მხარე მრავალი წელია თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR). შეხვედრაზე დაიგეგმა თანამშრომლობა მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით.