თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პარასკევს გამართულ სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების კონკრეტული საკითხები განიხილეს, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.
„განიხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე კონკრეტული საკითხი. საუბარი შეეხო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციის გაძლიერებას, რომლებმაც რეგიონში სოფლის მეურნეობას სერიოზული ზარალი მიაყენეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს, ხოლო მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.
მიმდინარე წელს აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მათ არამარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც დაიდეს ბინა. ოქტომბერში კი აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.
აზიური ფაროსანას მასობრივი გამრავლების შემთხვევაში, მავნებლებს ვაშლის, ატმის, ყურძნისა და თხილის მოსავლის 70%–ის განადგურება შეუძლიათ.