თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე თბილისში ერთი მეწარმე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში არსებულ ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, („ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია“), რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.