„ქალო, რომელი გირჩევ ქმარიო, ქისტაური თუ ჩარგალელიო. ქისტაურ პურსა არ მოგაკლებსო, ნადირის ხორცსა — ჩარგალელიო. ქალმა ქისტაურ დაირჩივაო: ხორცი რად მინდა უპუროდაო“, ამბობენ ხევსურულ ხმით ნატირალში…
ვითომ რაო, არც თბილისელებს შეგვიძლია პურის ცხობა და ქალი დაგვიწუნებსო? მაგასაც ვნახავთ, თუ არ შეგვიძლია, აბა მიყურეთ!
სასურველი ქალისთვის რომ სასურველი ვყოფილიყავი და ჩარგალელი ვაჟივით არ „დავეწუნებინე“, გადავწყვიტე პროფესია ისევ შემეცვალა, პურის ცხობა მესწავლა და თონეში პური ჩამეკრა.
პურის ცხობის დაწყებამდე ერთი ტრადიცია გავიხსენეთ. თონეში მისულს დოქით ღვინო, ყველი, ბოღლიწო (ღვინოში დამბალი პური), მწნილი და ცხელ-ცხელი პური დამხვდა. ეს ერთგვარი დღეგრძელობაა, კურთხევაა პურისა და იმ საქმიანობისა, რომელიც ხალხს აპურებს აუცილებლად სანახავ საქართველოში.
პურისადმი დამოკიდებულება შესავალი ტრადიციის შემდეგ რიტუალის რანგში ავიყვანე…
ამ ქალაქში, ამ პატარა თბილისურ ეზოში, რატომღაც „იტალიურს“ რომ უწოდებენ, ისტორიასთან კავშირი თვალის დახამხამებასავით ადვილია, ამ კეთილი პროფესიიდან დანახული ისტორია კი გვახსენებს: სუფრაზე პირველად ღვინო და პური მიჰქონდათ, რომელსაც კი არ ჭრიდნენ, ხელით ტეხდნენ, ხოლო თუ ძირს დაუვარდებოდათ, აიღებდნენ და აკოცებდნენ. პურის ცხობა ტრადიციულად საოჯახო რიტუალს წარმოადგენდა, ხოლო თონე წმინდა ადგილად იყო მიჩნეული.
თონე, სადაც შოთის პურებს აცხობენ (ვაცხობთ) ორგვარია: საოჯახო და პროფესიული მეპურის. საოჯახო თონე ფიჩხითა და შეშით ინთება, ღვივდება. ხმელი ფიჩხისა და შეშისგან ცეცხლს ჩაანთებენ, როცა კედლები გავარვარდება, ზედმეტ ნამწვებს ამოიღებენ, ნაკვერჩხლებს შუაგულში შეაკალთავებენ და ზემოდან კრამიტის ნაჭრებს დააფარებენ, შემდეგ გამზადებულ პურის გუნდებს გააბრტყელებენ და მწკრივად შემოაცხობენ კედელზე, გავსებულ თონეს კი თავს დაახურავენ. ქალაქში თონეებს ამგვარი ბუნებრიობა აკლიათ და ბუნებრივ აირზე — გაზზე ამუშავებენ.
თონე „აზიზია“ და თუ რომელიმე პირობა კარგად არ არის დაცული, პური ჩავარდება.
წმინდა რიტუალს ვიწყებ: 550 გრამი საპურე ცომი „საფხეკელათი“ მოვჭერი, მოვაგუნდავე კვერებად და მივეცი შოთის პურის ფორმა. თონეში პურის ხელით ჩაკრობა ნამდვილი ხელოვნება ყოფილა: არ ჩავარდე და არც ცომი ჩააგდო, არ დაიწვა და არც პური დაწვა ისე, რომ ცომი ოთხ წრედ იყოს თონეში ჩაკრული. თითო წრეში ჩვეულებრივ ხუთი პურია. თუ თონე ძალიან ცხელია, „თახად“ ჩაყრა იცის. ჩავარდნილი პურის ძირს სველ ხელს გაუსვამენ და კვლავ მიაკრავენ. ჩვენ დანაკარგი არ გვქონია. გამომცხვარი პურის „მოხდა“ ძირიდან დავიწყე და თანდათან ზევით ავყევი. თონის კედლიდან პური ასტამის და კინჭოტის დახმარებით ავაცალე და ერთმანეთის გვერდზე დავაწყვე, მეც დავჯექი… მცხელა… ასტამი და კინჭოტი მძიმდება… სულაც არ ყოფილა ადვილი პურის გამოცხობა. განა მისი საზღაური მართლა 80 თეთრია?!
პური 7-8 წუთში გამოცხვა და პირველი ოჯახიც ორი შოთის პურით დავაპურე. პური მზადაა სახატო, სათემო, საოჯახო და სალხინო სუფრისთვის.
მიხვდით, რატომ დაიწუნა ქალმა ჩარგალელი ვაჟი? ქალს ღმერთკაცები ურჩევნია და არა მოკვდავები… ქალმა თავისი ბუნებით იცოდა, კარგად იცოდა, რომ შოთის პური მრავალღმერთიანობისას საკრალური დანიშნულების, სარიტუალო პური იყო. ცხვებოდა მთვარის კულტის, ეგვიპტური მთვარის ღმერთის — თოთის პატივსაცემად. ამიტომ აქვს შოთის პურს ახალი მთვარის ფორმა. ამ ფორმის პურის ცხობის კულტურა კი მხოლოდ ძველ ქალდეაში და საქართველოში იყო…
ასეთია თონის „შიდა სამზარეულო“… ცხელი, დალოცვილი და გემრიელი სამზარეულო. ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. არა იმიტომ, რომ ჟურნალისტი ან სხვა პროფესიის ადამიანი ვერ შეძლებს, მეპურის გამომცხვარს სხვა მადლი აქვს, სხვა სიკეთე და წყალობა… ჩვენც ათადან–ბაბადან მზისქვეშეთში ქოითკე ვპურობთ სიარულს, ვიხდით 80 თეთრს და ვერც ვამჩნევთ ფქვილიან ხელებს, აღაჟღაჟებულ ლოყებს და ვუყურებთ პურს, რომ ისეთი დაბრაწული იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა… აი, ვის უნდა წუნობდე ქალაუ!..
თონის კარები ალიონზე რვა საათისთვის გაიღო და გვიან ღამით, 12 საათისთვის დაიხურა. 180-200 პური გავყიდეთ, 200 ცომის გუნდა მოვზილეთ და მაჯებიდან, მკლავებიდან ბოლო ძალები გავატანეთ…
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს…
სიცხისგან მისავათებული, ფქვილიანი, თონის სიმხურვალისგან ხელდამწვარი და კმაყოფილი პურს ვჭამდი და ვფიქრობდი: ხვალ რომ პურის საყიდლად თონეში მივალ, რამდენი უნდა გადავიხადო ერთ პურში? რამდენია საზღაური, ფასი? ხვალ ხომ კვირა დღეა, წმინდა, დასვენების დღე… თონეს მაინც ამუშავებენ… პურს მაინც აცხობენ…
16-საათიანი სამუშაო დღე დასრულდა და დოქი ისევ ღვინით აივსო, ნაკურთხი პური, ღვინო და ყველიც დედის რძესავით შეგვერგო თავიდან ფეხებამდე ფქვილიანებს, ცომიანებს, თვითკმაყოფილ დაღლილებს…
…და მაინც, კიდევა მწუნობ ქალაუ?! არ გინდა? ეგრედ იჯექი, კი არ დაგატან ძალასა!