ქართული აეროპორტები საჰაერო ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ

გამოწერა
თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმი გაიმართება, რომელზეც ქვეყნის ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო საავიაციო ფორუმი Connect 2018, რომელიც თბილისში 20-22 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ახალი საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება, მიაჩნია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს ქეთევან ალექსიძეს.

საქართველოში რიგით მე-15 ფორუმს 65 ავიკომპანიისა და 250 აეროპორტის წარმომადგენელი 500 დელეგატი დაესწრება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ახალი ურთიერთობების დამყარება და განვითარება იქნება. მოსალოდნელია, რომ ფორუმის ჩატარების შემდეგ ქართული ბაზრით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 53 უცხოური ავიაკომპანია საქმიანობს

მონაწილეები განიხილავენ ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისგან დიდი დაინტერესებაა. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ერთი პრიორიტეტი არ გვაქვს. ჩვენ კარგად ვმუშაობდით და ვმუშაობთ არსებულ გადამზიდავებთან. ახლა ჩვენ ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს და ახალ მიმართულებებს, აქედან ნაწილი იქნება ფორუმის ფარგლებში, ნაწილი — არა. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოკლე ვადებში გარკვეულ ინოვაციებს მივაღწევთ", — განაცხადა ალექსიძემ.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საერთაშორისო აეროპორტები — მოსკოვის (ჟუკოვსკი), სანქტ-პეტერბურგის (პულკოვო), ყაზანისა და კრასნოდარის, ასევე ქვეყნის მსხვილი ავიახაზები — „აეროფლოტი", „პობედა", „სევერსტალი" და UVT aero.

ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მთავრობის მხარდაჭერით.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი 2004 წელს Airport Agency France-მა დააფუძნა. მისი მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება. ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება. 2017 წელს ავიაფორუმი კორსიკაზე, ქალაქ აიაჩოში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0